განცხადებით მომართვის ინსტრუქცია
2024-03-12 18:09:45გაითვალისწინეთ, რომ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.
წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, საკმარისია ერთ-ერთის (განმცხადებლის ან წარმომადგენლის) საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა;
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები განმცხადებლის უფლებების სავარაუდო დამრღვევი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. წარმოდგენილმა მონაცემებმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უნდა გახადოს შესაძლებელი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება.
- შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
- შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა და მისი არსი;
- განმცხადებლის მოთხოვნა;
- განცხადების წარდგენის თარიღი;
- განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერა.
დამატებით, თანდართული დოკუმენტის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), ხოლო არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებიც (მაგ. ფოტომასალა).
განცხადების წარმომადგენლის მეშვეობით წარმოდგენის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს – უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, განმცხადებლისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
განცხადებით მომართვა შესაძლებელია როგორც წერილობითი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური (მის.: თბილისი, ვაჩნაძის ქ. №7; ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა №48)), ასევე ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული ან ფოტოსურათის სახით). ელექტრონული ფორმით გამოგზავნის შემთხვევაში განცხადება უნდა გამოაგზავნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით ან სამსახურის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - office@pdps.ge
დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახურის მიერ შემუშავებული განცხადების სტანდარტული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის, მთავარია სამსახურში წარმოდგენილი განცხადება სრულად შეიცავდეს ზემოჩამოთვლილ ინფორმაციას
ჩამოტვირტეთ განცხადების ფორმა: PDPS განცხადების-ფორმა