პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციას (CEEDPA) მასპინძლობს
2024-02-29 18:29:21
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციას (CEEDPA) მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენცია ქ. თბილისში მიმდინარეობს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელი პირები და სხვა თანამშრომლები. ასევე ევროპის კავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის, მათ შორის EUROPOL ისა და EUROJUST- ის წარმომადგენლები.
ყოველწლიური შეხვედრის მიზანია მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
29 თებერვალს, კონფერენციის პირველი სამუშაო დღე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთო ევროპული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობასა და ახალ კანონზე, რომელიც ევროკავშირის ზოგად რეგულაციებს სრულად შეესაბამება.
,,მოგეხსენებათ, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას და ასახავს ყველა პრინციპსა და ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს საკანონმდებლო ბაზაში. ახალი კანონი ძალაში ხვალიდან შევა და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გვინდა, რომ ეს დღესასწაული თქვენთან ერთად აღვნიშნოთ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის ორგანოების ყოველწლიური შეხვედრა არის კიდევ ერთი წარმატებული პლატფორმა საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შესაძლებლობას ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძელი და განვიხილოთ ყველა შესაბამისი საკითხი. ‘’- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ- ირინე ლოიზიდუ ნიკოლაიდუმ, ,,ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის’’ (EDPS) გენერალურმა მდივანმა- ლეონარდო სერვერა ნავასმა, 108-ე კონვენციის კომიტეტის მდივანმა - პიტერ კიმპიანმა და პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა მიროსლავ ვრობლევსკიმ.
რაც შეეხება სამუშაო პანელებს. კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს მომხსენებლებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:
• შესაბამისობა და მარეგულირებელი გამოწვევები: GDPR-ისა და სხვა რეგიონალური კანონების სირთულეების ნავიგაცია;
• ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო პრაქტიკა;
- მონაცემთა დაცვის ორგანოს ეფექტურობა;
- მონაცემთა დაცვის ოფიცრების (DPO) როლი;
- მონაცემთა დარღვევის შესახებ შეტყობინება და მასთან დაკავშირებული თემები;
- მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი (Privacy by Design and by Default), განვითარებადი ტექნოლოგიები და მათი გავლენა მონაცემთა სუბიექტებზე.
• მონაცემთა დაცვა სამართალდამცავ ორგანოებში.
კონფერენციის შემაჯამებელ დღეს კი დაგეგმილია შემდეგი საკითხების განხილვა:
• მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემები ― მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის გამოწვევების მოგვარება
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომავალი ტენდენციები: კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დასაცავად მომავალი ნაბიჯების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ CEEDPA-ის პირველი შეხვედრა ვარშავაში, 2001 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა. მას შემდეგ, წევრი საზედამხედველო ორგანოები ყოველწლიურად იკრიბებიან თანამშრომლობის გასაძლიერებლად და პერსონალური მონაცემთა დაცვის ერთობლივი, საზიარო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.