პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ციფრულ ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასწავლო და სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა
2024-02-22 12:13:09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ციფრულ ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასწავლო და სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება ქ. ტალინში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და მხარდაჭერით „საჯარო სერვისების მოდერნიზების“ (“Re-Engineering of Public Services”) პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმოადგენდნენ ნინო ცაგარეიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი, თორნიკე ნემსწვერიძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი და სალომე ოკრიბელაშვილი - საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი.
სასწავლო და სამუშაო შეხვედრების მიზანს მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის (“GDPR”) იმპლემენტაციის პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საჯარო სერვისების გაციფრულების თვალსაზრისით, ესტონეთმა, როგორც ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ ამ მიმართულებით, მონაწილეებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. კვირეულის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საჯარო მონაცემთა ბაზებში პერსონალური მონაცემების დამუშავება; “GDPR”-თან დაკავშირებული პრაქტიკა; მონაცემთა გაზიარება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოება; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა; კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
შეხვედრები სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ესტონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში გაიმართა. ესტონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენლებმა სამსახურის მანდატზე ისაუბრეს და, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხები განიხილეს. მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. გარდა აღნიშნულისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სასწავლო და სამუშაო შეხვედრების დასასრულს, მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში დაგეგმილ აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.