„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში საინფორმაციო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა
2024-02-13 17:33:38
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 88-ე მულის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და მათთან დაკავშირებული გაიდლაინების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს წარედგინათ სამსახურის უფროსის მიერ, 2024 წლის 1 მარტამდე გამოსაცემი, ნორმატიული აქტების პროექტები
- „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი“
- „მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესისა“ „იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ /დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.“
დასახელებული ნორმატიული აქტების პროექტების პარალელურად, მიმოხილულ იქნა სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები „ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ“.
სამსახურის მიერ მომზადებული და ვებგვერდზე განთავსებული რეკომენდაციები ღიაა შენიშვნებისა და კომენტარებისთვის და დაინტერესებული პირების შესაბამისი მოსაზრებების გათვალისწინებით განახლდება პერიოდულად.
- რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ
- რეკომენდაციები ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ნორმატიული აქტებისა პროექტების მომზადების პროცესში „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს“ (EDPB) მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი გაიდლაინების, ევროპის საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმძღვანელო გზამკვლევების გამოყენების შესახებ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დაისვა არაერთი დამაზუსტებელი შეკითხვა ახალი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის და მისი ფუნქციების, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ვალდებულებისა და მონაცემთა დამუშავებაზე ზეგავლენის შეფასებისთვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ზომების შესახებ, ასევე მიმოხილულ იქნა მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/უფლებამოსილი პირის ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის აღმოჩენისა და სამსახურისათვის შეტყობინების პროცესში.
შეხვედრას კერძო სექტორის 90-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.