პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა ქ. ბათუმში ჩატარდა
2024-02-12 17:40:14
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა ქ. ბათუმში ჩატარდა.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის, მთავრობის აპარატის, სამინისტროების, თვითმმართველობების, წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა გააცნეს.
მომხსენებლებმა კანონით გათვალისწინებული ცვლილებები დეტალურად განიხილეს. მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა. სამსახურის მიზანია კანონის ამოქმედებას ყველა მონაცემთა დამმუშავებელი მომზადებული შეხვდეს.