პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ 2024 წლის პირველი გამოცემისთვის
2024-02-05 11:54:44----------------------------------------------------------------------------------------------
ცხადდება სამეცნიერო ნაშრომების მიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ 2024 წლის №1 გამოცემისთვის, რომელიც ეძღვნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღებასა და ამოქმედებას.
- ჟურნალის ისტორია
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორენოვანი, სამეცნიერო პერიოდული გამოცემაა. ჟურნალის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სფეროში შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვა და სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებაა. დაარსებიდან დღემდე ჟურნალი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ავტორებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ჟურნალის მისიაა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპულ სამართალთან, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ, მატერიალური და ელექტრონული ფორმით, ორი დამოუკიდებელი - ქართული და ინგლისურენოვანი გამოცემების სახით (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი მატერიალური ვერსიისთვის: P-ISSN 2720-8753, ხოლო ელექტრონული ვერსიისთვის — E-ISSN 2720-8761).
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ 2023 წლის პირველი გამოცემა მიეძღვნა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხოლო მეორე გამოცემა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 10 წლის იუბილეს.
2024 წლის პირველი გამოცემის მთავარი თემაა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო სიახლეები.
- ჟურნალის რედაქცია
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია დაკომპლექტებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ჟურნალის დარგობრივ სფეროში სამართლის პრაქტიკის კვალიფიციური წარმომადგენლების მიერ.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია:
ასოც. პროფ. დოქტ. დოქტ. ლელა ჯანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის განხილვისა და მისი პუბლიკაციის თაობაზე გადაწყვეტილება, მიიღება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური და ეთიკის სტანდარტების შესაბამისად და რეცენზენტთა ორმხრივად ფარული შეფასების გათვალისწინებით.
- სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის ვადა და აკადემიური მოთხოვნები
ნაშრომთა მიღების ვადა: 30 იანვარი - 31 მაისი
სამეცნიერო ნაშრომთა გამოქვეყნების უფლებით სარგებლობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები; ჟურნალის დარგობრივი სფეროს პრაქტიკოსი იურისტები; ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მოწვეული ავტორები.
სამეცნიერო სტატია, აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია), სამართლის პრაქტიკის ანალიზი, უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომის თარგმანი. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი შესაძლებელია, შესრულებული იყოს როგორც ერთი პირის ავტორობით, ასევე რამდენიმე პირის თანაავტორობით.
დოკუმენტები მიიღება ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე: journal@pdps.ge
წარმოსადგენია:
1. შევსებული განცხადება ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე
(დანართი № 1);
2. სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოიცავს ანოტაციასა და საკვანძო სიტყვებს (ჯამში არაუმეტეს 250 სიტყვა), ნაშრომის სრული ტექსტი (არაუმეტეს 20 გვერდისა), ბიბლიოგრაფია;
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე ავტორების შემთხვევაში ― სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ნაშრომის საკვლევი თემატიკის სფეროს წარმომადგენელი სამართლის სპეციალისტის დადებითი რეცენზია.
- ციტირების აკადემიური სტანდარტი:
გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა იყოს აკადემიური კეთილსინდისიერების, ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის სახელმძღვანელო სტანდარტის დაცვით (დანართი № 2). ნაშრომის მომზადების ეტაპზე მიზანშეწონილია შესაბამისი უცხოენოვანი წყაროების გამოყენება.
სამეცნიერო ნაშრომის ქართული ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Sylfaen_12 ფონტით, ინგლისურენოვანი ტექსტი ― Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო ― ამავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება ― ერთი ინტერვალი.
რეცენზირების პროცესი და ნაშრომის გამოქვეყნება:
ავტორს შეუძლია, იმოქმედოს აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტისა და ეთიკის პრინციპების დაცვით. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ტექსტს, სიძულვილის ენას, არაეთიკურ შეფასებებს, შეურაცხმყოფელ ანდა დამაკნინებელ მოსაზრებებს, ასევე, პიროვნულ კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის შინაარსი ჩამოყალიბდეს მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემითა და პერსონალური მონაცემის დაცვით.
ნაშრომის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენით, ავტორი ადასტურებს ნაშრომის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით შესრულებას და მასში გამოყენებული ავთენტური სამეცნიერო წყაროების სათანადოდ აღნიშვნას. შესაბამისი ციტირებისა და აღნიშვნის გარეშე მესამე პირთა კვლევის/პუბლიკაციის/შრომის გამოყენების ანდა მითვისების, ასევე, ნაშრომის გამოქვეყნების შემდგომ, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომთა ორმხრივად ფარული შეფასების მიზნით, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკისა და ეთიკის სტანდარტის დაცვით, შეირჩევიან რეცენზენტები. სამეცნიერო სტატიათა რეცენზია ორმხრივად ფარულია, შესაბამისად, ავტორის ვინაობა უცნობია ნაშრომის რეცენზენტისთვის და პირიქით ― რეცენზენტის ვინაობა უცნობია ავტორისთვის. რეცენზირების ანონიმურობა უზრუნველყოფილია როგორც ნაშრომის შეფასების სხვადასხვა ეტაპზე, ისევე მისი დასრულებისა და ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ. რეცენზენტები შეირჩევიან დარგობრივი კომპეტენციისა და გამოცდილების/კვალიფიკაციის მიხედვით. ნაშრომი ფასდება ჟურნალის რედაქციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სპეციალური სარეცენზიო ფორმის საშუალებით.
ნაშრომის შეფასების შედეგად, რეცენზენტის მიერ შეიძლება, გაიცეს გარკვეული ტექნიკური მითითებები და ერთ-ერთი წინამდებარე რეკომენდაცია:
ა) ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს (დადებითი რეცენზია);
ბ) ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას (დადებითი რეცენზია);
გ) ნაშრომი არ უნდა გამოქვეყნდეს (უარყოფითი რეცენზია).
სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირება წარმატებით დასრულებულად მიიჩნევა, თუკი ორივე რეცენზენტი გასცემს დადებით დასკვნას. თუკი რეცენზიული შეფასების თანახმად, ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას, ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომლის შესრულების ხარისხის შეფასების საფუძველზე, ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჟურნალის მთავარი რედაქტორი იღებს. თუკი ერთი რეცენზენტის შეფასება უარყოფითია, შეფასება ეგზავნება ავტორს რეცენზიული შენიშვნების გათვალისწინებისა და ნაშრომის შემდგომი კორექტირების მიზნით.
ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
სამეცნიერო ნაშრომის ჟურნალში გამოქვეყნება უსასყიდლოა.
ჟურნალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - https://journal.pdps.ge/