რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
2024-02-02 10:49:21
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრის მიზანს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების საკითხებისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება წარმოადგენდა.
დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ნინო ქათამაძემ მიაწოდეს.
შეხვედრას ასოციაცის წევრი კომპანიების 25-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე პასუხები სამსახურის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.
კერძო სექტორის წარმომადგნლები საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ რითაილ ასოციაცია აერთიანებს ისეთ მსხვილ მონაცემთა დამმუშავებლებს როგორებიცაა - „გუდვილი“, „კარფური“, „ნიკორა“, „სპარი“, „აგროჰაბი“, „მაგნიტი“, „გალფ სთორი“, „დეილი“, „დომინო“, „ზღაპარი“ და ა.შ
კანონის ამოქმედებამდე, სამსახური სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.