„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო
2024-01-17 12:53:16
ქ. ბრიუსელში, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“European Data Protection Supervisor”) ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელს ნიკოლოზ პოპიაშვილს „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს და გააანალიზოს „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ საუკეთესო პრაქტიკა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიზნით. ასევე, იგი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით კვლევით საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ კვლევითი შედეგების და პრაქტიკის გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამკვირვებლის სტატუსით უკვე აქტიურად მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოს — „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“European Data Protection Board”) საქმიანობაში.
„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველთან“ (“European Data Protection Supervisor”) ამგვარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება გამოხატავს ევროპელი კოლეგების ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ახალგაზრდა კოლეგა საზედამხედველო ორგანოს მიმართ და უპრეცედენტო შესაძლებლობას სამსახურისთვის, ჩაერთოს „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ საქმიანობის გარდა მონაცემთა დაცვის ზედამხედველი“ ინსტიტუციის აქტივობებშიც.
16 იანვარს, ნიკოლოზ პოპიაშვილი „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა - ვოიჩეკ ვიევიოროვსკიმ და ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის ინსტიტუციის გენერალურმა მდივანმა - ლეონარდო სერვერა ნავასმა, რომლებმაც განიხილეს ზედამხედველის ინსტიტუციის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.