პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განათლების სექტორის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ტრენინგები ჩაუტარა
2023-12-25 10:19:02
ნოემბრისა და დეკემბრის თვეში სამსახურის მიერ განათლების სექტორის 200-ზე მეტ წარმომადგენელს, მათ შორის ლექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ლექტორებისთვის საინფორმაციო ლექცია სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ ჩაატარა.

გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროი იურისტი - ავთანდილ ლეფსვერიძე სსიპ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის'' თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საკვანძო საკითხებზე კერძოდ, როგორც მოქმედი, ასევე ახალი კანონის საფუძველზე განახლებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპების, მონაცემთა უსაფრთხოების, ვიდეომონიტორინგისა და სუბიექტის უფლებების შესახებ ესაუბრა.
ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო ლექცია კერძო სკოლა პირველ გიმნაზიაშიც. ლექცია კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ნინო ქათამაძემ ჩაატარა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლიკა კობალაძემ და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ავთანდილ ლეფსვერიძემ კი მე-6 სკოლის მოსწავლეებს პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ნინო ქათამაძემ და ამავე დეპარტამენტის იურისტმა - მილენა სვანიძემ მიაწოდეს ინფორმაცია.

საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არასრულწლოვანათა პერსონალური ინფორმაციის სათანადოდ დასაცავად უმნიშვენლოვანესია, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების ასევე, თავად მოსწავლების ინფორმირება საკითხის შესახებ. ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.