პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეხვედრა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან გამართა
2023-12-22 12:00:58სამსახურის საინფორმაციო კამპანიის „საუბრები ახალ კანონზე“ ფარგლებში შეხვედრა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან და თემით დაინტერესებულ პირებთან გაიმართა.
შეხვედრას სამინისტროს, მის სისტემაში/დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებების და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სტრუქტურების, რესურსცენტრების, პროფესიული კოლეჯების, უნივერსიტეტების და კერძო სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სამსახურის გეგმური ინსპექტირების, საჯარო სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტების უფროსებმა, ასევე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები განსაკუთრებულად სენსიტიური მონაცემთა სუბიექტების (ბავშვები, მოსწავლეები, სტუდენტები) მონაცემთა დამმუშავებლები არიან. მათი მონაცემები ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში ყოველდღიურად მუშავდება საგაკვეთილო თუ სალექციო გარემოში. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ პირს, რომელსაც შეხება აქვს არასრულწლოვნებთან, ახალგაზრდებთან, ჰქონდეს სათანადო ცოდნა მათი მონაცემების დასაცავად. ვიდეომონიტორინგი, სოციალური ქსელებში საკომუნიკაციოდ შექმნილი ჯგუფები, ელექტრონული სწავლება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემები და სხვა დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც გამოიყენება დისტანციურ სწავლებაში დაკავშირებულია დიდი რაოდენობით და სხვადასხვა ფორმით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან, შესაბამისად მათ ყველა სხვა პროცესს წლის 1 მარტიდან კანონის ამოქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება.
კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება, რაც მონაცემთა დამმუშავებელ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს დაეხმარებათ ახალ კანონს მომზადებულები შეხვდნენ.