პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმომადგენელი ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის ოფისში (EDPS) ეყოლება

2023-12-01 14:18:37
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, 2024 წლიდან, წარმომადგენელი ქ. ბრიუსელში, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის ოფისში (EDPS) ეყოლება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელს - აპარატის უფროსს ნიკოლოზ პოპიაშვილს ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის ოფისში შესაძლებლობა ექნება მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნოს. ასევე, ჩაერთოს მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს (EDPB) შეხვედრებში და გენერალური მდივნის სხვადასხვა აქტივობებში. მათ შორის ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ახალ რეგულაციასთან მიმართებით კვლევით საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებასა და ორგანოებს შორის თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ „მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ“ (“EDPB”) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება EDPB-ის 20 ივნისის პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული, რეგლამენტის (RoP) 8.1. მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, საბჭომ შესაძლებელია, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მიანიჭოს ევროპის კავშირის არაწევრი სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დამკვირვებლის სტატუსი, თუკი აღნიშნული შედის საბჭოს ინტერესში და დაკმაყოფილებულია ორი კუმულაციური პირობა: ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო საქმიანობს სრული დამოუკიდებლობის დაცვით; მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო დაფუძნებულია იმ არაწევრ სახელმწიფოში, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, აიღო საერთაშორისო ვალდებულება, სრულად შეუსაბამოს მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირში მოქმედ მომწესრიგებელ წესებს.
 ,,ჩვენ ვაფასებთ თქვენს გამოცდილებას მონაცემთა დაცვის სფეროში და გვჯერა, რომ ვიზიტის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იქნება ფასდაუდებელი. მოხარული ვართ მოგიწვიოთ ჩვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავს, გაეცნოთ ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის საუკეთესო პრაქტიკას და მითითებებს მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში, რომელიც შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსათვის ახლახან მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში. ‘’- ნათქვამია ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის გენერალური მდივნის ლეონარდო სერვერა ნავასის მიერ გამომგზავნილ ოფიციალური მოწვევის წერილში.