სამსახურის განცხადება
2023-11-29 13:28:27
არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, ბავშვების მონაცემების დამუშავების პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომლებიც ბავშვების მონაცემებს აგროვებენ, იყენებენ, ინახავენ და ასაჯაროებენ. ბავშვების მონაცემების დამმუშავებელმა პირებმა უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ვიდეოჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით, ჩანაწერის სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არასრულწლოვნის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია ან ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში იზრდება არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.