,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა
2023-11-28 10:40:00
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით შეცვლილი ტერმინების, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და ჯარიმების ცვლილების, ინციდენტისა და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულების შესახებ, ასევე სოციალური მუშაობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას, სამსახურის საჯარო სექტორის, გეგმური ინსპექტირებისა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტების უფროსებმა მიაწოდეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა. სამსახურის მიზანია კანონის ამოქმედებას ყველა მონაცემთა დამმუშავებელი მომზადებული შეხვდეს.