პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
2023-11-21 16:31:28
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, მნიშვნელოვანი სიახლეები და იმპლემენტაციის საკითხები, ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გახსნა. ოთარ ჩახუნაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
რატომ არ ვრცელდება კანონი მედიის საქმიანობაზე? როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა მონაცემების უსაფრთხოება? სამსახურის საქმიანობა, როლი და ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები, მათ შორის გაზრდილი ჯარიმები და შეცვლილი პირდაპირი მარკეტინგის წესი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კონკრეტული მაგალითები და პრაქტიკა, რომელიც სწორედ მედიის საქმიანობას ეხება- დღევანდელ შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა მედიას ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნეს.
ტრენინგს ტელე-რადიო, ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა. კანონის ამოქმედებამდე, სამსახური სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან სეგმენტურ შეხვედრებს აქტიურად ატარებს.