საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე დასაქმებულ თანამშრომლებთან ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა გაიმართა

2023-11-17 16:32:52
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრების ციკლი გრძელდება.
შეხვედრა საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე დასაქმებულ თანამშრომლებთან შედგა.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა შრომით ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით სამსახურის მიერ გამოვლენილ სხვადასხვა პრობლემურ შემთხვევაზე. ასევე, ხაზი გაესვა სამსახურებრივ ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და იმ ძირითად გარემოებებს, რომლებიც დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ახალი კანონის ამოქმედებამდე გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში სამსახურის საკონსულტაციო ფუნქციით სარგებლობის თაობაზეც.  

საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა ისაუბრა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის გარკვეულ ასპექტებზე, კერძოდ, თანამშრომელთა შერჩევის პროცესზე, თანამშრომელთა ქცევის მონიტორინგზე, ვიდეოთვალთვალზე და აუდიომონიტორინგზე სამუშაო ადგილზე, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებაზე, კორპორატიული სატელეფონო ნომრების ამონაწერების მოპოვებაზე. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით შეცვლილი ტერმინების, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და განახლებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და დასაქმებულების, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებების შესახებ.
მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და ჯარიმების ცვლილების, აუდიო და ვიდეომონიტორინგის, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის, მონაცემთა აღრიცხვასა და სამსახურისთვის შეტყობინების შესახებ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ ისაუბრა.
ინციდენტისა და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სექტორულ შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.