პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის მიერ „Messenger“-ის ჯგუფებში არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების ფაქტი გამოავლინა

2023-11-15 14:28:40

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის მიერ ბავშვების მონაცემების „Messenger“-ის ჯგუფებში გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას დამრიგებლის მხრიდან შშმ პირთა შესახებ გამოთქმულ შეხედულებას ერთი-ერთი მოსწავლის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ვინაიდან მას და ჰყავდა შშმ პირი, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა. ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთო არასრულწლოვნის მშობელი, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა სკოლის დირექტორი. მომხდარი ფაქტის გარშემო დაინტერესება კლასის სხვა მოსწავლეების მშობლებმაც გამოხატეს და შემთხვევა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ხოლო მოგვიანებით, არასრულწლოვნის დედამ განცხადებით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მიმართა. აღნიშნული საქმისწარმოება კი დამრიგებლისთვის საყვედურის გამოცხადებით დასრულდა. ამასთან, კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, დამრიგებელმა „Messenger“-ის ორ სხვადასხვა ჯგუფში მშობლის განცხადებაზე თავისი წერილობითი პასუხის ამსახველი ფოტოები განათავსა.

შესწავლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მითითებული ჯგუფების შექმნის მიზნობრიობაზე და დადგინდა რომ ერთ-ერთში გაწევრიანებული იყო კლასის მოსწავლეების 30-მდე მშობელი, საორგანიზაციო საკითხებზე და სასწავლო პროცესის შესახებ დამრიგებელსა და მშობლებს შორის ინფორმაციის მყისიერად გასაცვლელად. მეორე ჯგუფი კი სკოლის 30-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგებოდა და შექმნილი იყო დისტანციური სწავლების დროს სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციისთვის. დამრიგებლის მიერ ზემოხსენებულ ჯგუფებში გამჟღავნებული მასალა შეიცავდა მოსწავლის მშობლის განცხადების ტექსტიდან ამონარიდებს და მათზე მასწავლებლის კომენტარებს, ასევე, არაერთი პირის საუბრის შინაარსს, გაკვეთილის მიმდინარეობისას და შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, არასრულწლოვნებისა და მათთან დაკავშირებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მომხდარი ფაქტის გამო მიმდინარე დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში გამოკვლეულ და შეფასებულ კონფიდენციალურ გარემოებებს, როგორც შემთხვევასთან უშუალოდ დაკავშირებული, ისე სხვა მოსწავლის სახელსა და გვარს, მათთან კომუნიკაციის შინაარსს, მოსწავლეების დამოკიდებულებებს კონკრეტული ფაქტების მიმართ და ა.შ. თავის მხრივ, პედაგოგმა განმარტა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან განვითარებული მოვლენები თავისი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დამაზიანებლად მიიჩნია.

საკითხის შეფასებისას სამსახურმა განმარტა, რომ პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ბავშვების მონაცემები მათი საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით უნდა დამუშავდეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვნების პირადი და ოჯახური ცხოვრების, ღირსების, კეთილდღეობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დაცვაში ბავშვზე მზრუნველი პირების (მათ შორის, პედაგოგების) განსაკუთრებულ როლზე. ამასთან, განიმარტა, რომ თითოეულ მონაცემთა დამმუშავებელს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი პროფესიული რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური ინტერესი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მის სამსახურებრივ ქმედებებთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს და პროფესიული საზოგადოება ამაზე ინფორმირებულია. თუმცა, ლეგიტიმური ინტერესის არსებობის პირობებშიც კი, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მონაცემების იმ მოცულობის შესარჩევად, რომლითაც პირი თავისი კანონიერი მიზნის მიღწევას შეძლებს, არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების უფლებაში ნაკლები ჩარევის სანაცვლოდ. მონაცემების გამჟღავნების კანონიერების შეფასებისას ასევე მიეთითა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (იხ. საქმე: Google Spain SL, Google Inc. v. Agencia Española de Protección de Datos (AEPD), Mario Costeja González [GC], C-131/12, 13 May 2014), რომლის თანახმად, მონაცემთა დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მონაცემების გამოქვეყნება არ სცდებოდეს საჭიროების (მაგ. საზოგადოების ინფორმირების) ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ პედაგოგს შეეძლო თავისი პროფესიული რეპუტაციის დაცვა ნაკლები მოცულობის მონაცემების დამუშავების გზით, „Messenger“-ის ჯგუფებში მხოლოდ საკუთარი ზოგადი პოზიციის დაფიქსირებით, პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებისა და გარემოებათა ზედმეტი დეტალიზების გარეშე.

სამსახურის გადაწყვეტილებით პედაგოგი ცნობილ იქნა პერსონალური მონაცემების დამუშავების მინიმიზების პრინციპის დამრღვევად, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი და დაევალა უკანონოდ გამჟღავნებული მიმართვისა და ფოტოების წაშლა. აღნიშნული მან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უმოკლეს ვადაში შეასრულა.