ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

2023-11-10 10:24:14
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.
კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ჯავახიშვილმა და უფროსმა იურისტმა ნინო ქათამაძემ, ასევე იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ გააცნეს. 

მომხსენებლებმა მიმოიხილეს ზოგადად ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები, როგორიცაა მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლის გათვალისწინებაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების დანერგვის პროცესში დაეხმარებათ. მათ შორის: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, პირდაპირი მარკეტინული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავება და ა.შ
შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფართოებულ ფორმატში კერძო სექტორთან შეხვედრას მიმდინარე წლის 14 ნოემბერსაც გამართავს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი.