პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო
2023-11-02 19:57:52
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეხვედრების სერიას - სახელწოდებით - ,,საუბრები ახალ კანონზე“ აგრძელებს.
ამჯერად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის პროექტის — „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებომ და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა იოჰან ჰომესმა გახსნეს.

უსაფრთხოების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა განიხილა ევროკავშირის ექსპერტმა ეკატერინა მაცუკამ.
შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი ჩონიაძემ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან სიახლეზე, როგორიცაა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროექტი — „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“, სხვა საკითხებთან ერთად, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას ემსახურება. სამუშაო შეხვედრების გაგრძელდება, დაგეგმილია სასწავლო პროგრამებისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გამოცდილების გაზიარების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერის მიზნით.