პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 300-მდე საჯარო მოხელეს ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო
2023-10-24 15:50:33
პირველი მასშტაბური შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ძირითადი ასპექტები და აქტუალური საკითხები მიმოიხილა.


,,ახალი კანონის იმპლემენტაციის შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმები“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით ყარაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები დეტალურად გააცნო.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სიახლეს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენელთა შეკითხვებს საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა- ქეთი კრაწაშვილმა და გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა- სოფიო შამუგიამ უპასუხეს.
შეხვედრას საჯარო სექტორის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.