„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ 45-ე შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფის“ აქტივობების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა

2023-10-20 18:13:33
 „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ 45-ე შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფის“ აქტივობების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
 15-20 ოქტომბერს, ქ. ჰამილტონში (ბერმუდის კუნძულები) გამართული „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ (“GPA”) 45-ე შეხვედრის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფის“ (“Working Group on Data Protection Metrics”) მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
 GPA-ის „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარის სტატუსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 2022 წელს მიენიჭა და ამჟამად, მას კოტ-დ'ივუარის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფი 2016 წელს, მონაცემთა დაცვის რეგულირების „ახალი საზომის“ შემუშავების შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ დაფუძნდა. მისი მიზანია მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების დაცულობის საერთაშორისოდ შესადარებელი სტატისტიკური მონაცემის შემუშავება და ამ მიზნით მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა გამოცდილების შესწავლა.
 მოხსენების ფარგლებში ანა თოხაძემ სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა. სამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტული აქტივობების განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფმა წლის განმავლობაში წევრთა არაერთი შეხვედრა გამართა; აღნიშნული მიზნით, კონსულტაციები იქნა, ასევე, გავლილი ასამბლეის „სტრატეგიული მიმართულების განმსაზღვრელ ქვეკომიტეტთან“. სამუშაო ჯგუფი დაეხმარა GPA-ის სამდივნოს ასამბლეის წევრ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან გასაგზავნი კითხვარის (Census) შემუშავებაში. სამუშაო ჯგუფის ეფექტიანობის გაზრდისა და მასში GPA-ის წევრთა წარმომადგენლობის გაფართოვების მიზნით, სექტემბრის თვეში მასში ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოც გაწევრიანდა. მოხსენების დასასრულს ანა თოხაძემ სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებული სამომავლო აქტივობები და სტრატეგიული განვითარების მიმართულებები მიმოიხილა.