პროფ. ნორბერტ ბერნსდორფის შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან
2023-10-13 14:55:02შეხვედრის დასაწყისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პროფ. ნორბერტ ბერნსდორფს სამსახურთან თანამშრომლობისათვის. „დაარსების დღიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უალტერნატივო პრიორიტეტი გახლავთ მისი ინსტიტუციური განვითარება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდგომ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგის ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან თანამშრომლობა“. - აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.
მოხსენებაში პროფ. ნორბერტ ბერნსდორფმა პოზიტიურად აღნიშნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება და მისი შესაბამისობა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“, მონაცემთა დაცვის სამართლის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან. მან მზადყოფნა გამოთქვა ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესის სამეცნიერო-საექსპერტო მხარდაჭერის მიზნით სამსახურთან თანამშრომლობაზე, ამასთან, საკანონმდებლო ნოვაციების შესახებ სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ სამეცნიერო-სადისკუსიო პლატფორმებში მონაწილეობის თაობაზე. პროფ. ბერნსდორფმა ისაუბრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ინსტიტუტებზე და შედარებითსამართლებრივ კონტექსტში მიმოიხილა მათი ევროპული სამართლით მოწესრიგება. იგი, აგრეთვე, შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა პრაქტიკას, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის იმგვარ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მესამე ქვეყანაში მონაცემთა გადაცემა, მონაცემთა კლასიფიკაცია, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა დაცვის ოფიცერი და სხვა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი იზიარებს მონაცემთა დაცვის დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს და დიდწილად შესაბამისობაშია ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“. მისი მიღება უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, როგორც ევროპული სამართლებრივი კულტურისა და ევროინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისათვის. ვულოცავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმატებას ვუსურვებ მას ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.“ - აღნიშნა პროფ. ნორბერტ ბერნსდორფმა.შეხვედრაზე განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსიას დაეთმო.