პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა საქართველოში - 2023 წლის შუალედური ანგარიში და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხები
2023-10-09 15:16:08
ღონისძიება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას, მიმდინარე წლის შუალედურ ანგარიშსა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხებს შეეხებოდა.


შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნა. უწყების ხელმძღვანელმა ახალი კანონის მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
,,ახალი კანონის იმპლემენტაციის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი საკანონდებლო ბაზა შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანი დაცვა“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

ლელა ჯანაშვილმა, ასევე ისაუბრა სამსახურისთვის „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
,,EDPB-ის დამკვირვებლის სტატუსი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლისა და მისი საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრას და მონაცემთა დაცვის კოლეგა ორგანოთა ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრობას.“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მიხეილ სარჯველაძემ დადებითად შეაფასა ის შედეგები, რასაც სამსახურმა ბოლო პერიოდში მიაღწია.
ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა.
შეხვედრის მეორე ნაწილში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ყარაშვილმა დამსწრე აუდიტორიას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონით მნიშვნელოვნად იზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ფართოვდება მათი დაცვის გარანტიები.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების წესებს. ამასთან, გათვალისწინებულია აუდიომონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების შემოღება. კანონი სპეციალურ რეგულაციას შეიცავს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ასევე, ახლებურად რეგულირდება გარდაცვლილი პირის მონაცემთა დამუშავების საკითხი.
ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეებია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება, მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასების ვალდებულება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება და ა.შ
კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკა იხილეთ მოცემულ ბმულზე
https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2023/10/სამსახურის-9-თვის-საქმიანობის-ანგარიში-2023.pdf
