სკოლა ,,სადუნის“ მოსწავლეებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო ლექცია/ტრენინგი ჩატარდა
2023-10-05 14:09:49
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, სკოლა ,,სადუნის“ მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო ლექცია/ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის დაწყებამდე სკოლის მოსწავლეებს სამსახურის უფროსმა მიმართა. ლელა ჯანაშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მან პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობისა და ამ კუთხით არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ტერმინების, ცნებებისა და სამსახურის კომპეტენციის მიმოხილვა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, სოციალურ ქსელში/მედია სივრცეში მონაცემთა დამუშავების კანონიერება, არასრულწლოვნების, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები და სხვ.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლიკა კობალაძემ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ ჩაატარეს.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეთა ჩართულობით, განხორციელდა არაერთი პრაქტიკული შემთხვევის განხილვა, დაისვა საინტერესო შეკითხვები და მონაწილეთა შორის გაიმართა მცირე დისკუსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არასრულწლოვანთა უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.