სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ
2023-09-21 12:26:52
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირბეით საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრაზე საუბარი ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და დღეს მოქმედ რეგულაციასთან მათ მიმართებას შეეხო. აუდიტორიის ინტერესისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი. გარდა ამისა, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ახალი კანონით დამკვიდრებულ ცნებებსა და მექანიზმებზე, მათ შორის, აუდიომონიტორინგთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, მონაცემთა გადატანის („პორტირების“) უფლებასთან, ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ინციდენტის შეტყობინებასთან, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასა და ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი დაესწრო. დამსწრეთა მხრიდან, კითხვა-პასუხის ფორმატში, გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება, რასაც ახალი კანონის ირგვლივ თემატური მსჯელობისა და პრაქტიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ტრენინგს სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - დავით ყარაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის იურისტი - საბა ელიზბარაშვილი უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებს შორის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამმუშავებელია. შესაბამისად, მის თანამშრომლებთან ამ ტიპის შეხვედრების გამართვა სააგენტოს საქმიანობის პროცესში მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.