პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პარლამენტს სამსახურის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
2023-09-05 20:06:48ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას სამსახურის მიერ 2022 წლის პირველი მარტიდან დეკემბრის ჩათვლით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და განხორციელებულ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სიტყვით გამოსვლისას ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარებისათვის. საქართველოსთვის, როგორც ევროპული სამართლებრივი კულტურისა და ევროინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად, ახალი სტანდარტების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე“.- აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.
სამსახურის უფროსმა პარლამენტს ოთხი ნაწილისგან შემდგარი ანგარიში წარუდგინა, რომელიც დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მიიღო ჯამში 447 განცხადება/შეტყობინება, რომელთა საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, სამსახურმა ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 149 შემოწმება, რომელთაგან 101 შემოწმება იყო არაგეგმური, ხოლო 48 შემოწმება — გეგმური. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ინსპექტირება ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შემოწმებების წლიური გეგმის შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა გეგმური ინსპექტირებები შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით: მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით - არასრულწლოვნები, მიგრანტები, ქალები; ხოლო სფეროების მიხედვით - შრომითი ურთიერთობები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თანამედროვე ტექნოლოგიები; მონაცემთა მოცულობა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი დაადგინა. ჩატარებული შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად 123 მონაცემთა დამმუშავებელს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 86 მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 37 მონაცემთა დამმუშავებელს — გაფრთხილება. სამსახურმა გასცა ჯამში 222 დავალება და რეკომენდაცია.
კონსულტაციებთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლისა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჯამში 3292 კონსულტაცია გასცა.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ლელა ჯანაშვილმა ასევე ისაუბრა სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა მრავალი შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო პირებთან როგორც თბილისში, ასევე თითქმის ყველა რეგიონში, რაც დეტალურად არის ასახული ანგარიშში.
ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია საერთაშორისო დონეზე სამსახურის ცნობადობის ამაღლება და საერთაშორისო ფორუმებსა და მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მოქმედ არაერთ საერთაშორისო ფორუმში. სამსახური გახდა საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო გლობალური ფორუმის დამკვირვებელი. ასევე, სამსახური გაწევრიანდა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა კომიტეტში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის განვითარების მიზნით, დაფუძნდა სრული ღია წვდომის, ორენოვანი, სამეცნიერო, პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“. მნიშნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საერთაშორისო რეფერირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვების მიზნით, ჟურნალი იქნა ინდექსირებული ჰეინონლაინის სამეცნიერო ბაზაში.“- აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.
სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა შიდაორგანიზაციული მართვის საკითხებზე.
„საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, დაიგეგმა და შემდგომში განხორციელდა სამსახურის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება, რის საფუძველზეც მიმდინარე წელს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტი. ამასთან, ამ მიზნით შექმნილი დეპარტამენტი უკეთ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული რისკების სრულყოფილად შეფასებასა და გეგმური ინსპექტირებების დაგეგმვის სახით, აღნიშნული რისკების საპასუხო ღონისძიებების დროულ გატარებას.
დღის წესრიგში დგას სამსახურის საშტატო ნუსხის გაზრდის საკითხიც, განსაკუთრებით კი ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ლელა ჯანაშვილმა, ასევე, ისაუბრა სამსახურის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე. მან მადლობა გადაუხადა მის მოადგილეებსა და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის.
”მადლობას მოგახსენებთ დასმული კითხვებისთვის, ასევე, კრიტიკული შეფასებებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც აღვნიშნე, სამსახურის მთავარი მიზანი, გახლავთ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა. ”
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.