,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალმა” წარმატებით გაიარა “HeinOnline”-ის სამეცნიერო ბაზაში ინდექსირების მიზნით შეფასების პროცესი

2023-07-11 10:12:56
“HeinOnline”-ის სამეცნიერო ბაზაში ინდექსირების მიზნით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი'' სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მათ შორის, მისი საგამომცემლო პოლიტიკის, მისიის, აკადემიური სტანდარტების მიხედვით შეფასდა და სამეცნიერო ბაზის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, დადებითად გადაწყდა მისი ბაზაში ინტეგრირების საკითხი. სამეცნიერო ჟურნალის თითოეულ ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაციები “HeinOnline”-ის სამეცნიერო ბაზაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
“HeinOnline”-ი არის მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზა, რომელიც 2000 წლიდან სამართლისა და სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში გამოქვეყნებულ 207 მილიონზე მეტ პუბლიკაციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ “HeinOnline”-ის სამეცნიერო ბაზაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის” ინდექსირება უფრო მეტად უზრუნველყოფს ჟურნალის ხელმისაწვდომას, მის საერთაშორისო რეფერირებასა და იმპაქტ-ფაქტორის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ჟურნალის ქართულ და ინგლისურენოვანი გამოცემები, ასევე, ხელმისაწვდომია ელექტრონულად, მისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით:
 https://journal.pdps.ge/
 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი” წარმოადგენს სამსახურის ორენოვან, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო პერიოდულ გამოცემას, რომლის დაფუძნება „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) ამოქმედების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ჟურნალის ძირითადი ორიენტირია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შედარებითსამართლებრივი დისკურსის ხელშეწყობა და ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებაა. ჟურნალის მისიაა საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება და დარგობრივი კვლევის შედეგების აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება.
შეგახსენებთ, ჟურნალის მიმდინარე ნომრის მეორე გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღება იწარმოებს 30 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ ოფიციალური ვებგვერდი (https://journal.pdps.ge/) ან დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მეშვეობით (journal@pdps.ge).