თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენელთა ქსელის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს

2023-07-06 18:02:53
3-7 ივლისს, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენელთა ქსელის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანაორგანიზებითა და პროექტის — “Re-Engineering of Public Services in the Eastern Partnership” აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის ფარგლებში. რეგიონულ შეხვედრებს აგრეთვე ესწრებიან გერმანიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალური კომისრის (BfDI) წარმომადგენლები.
ღონისძიების პირველი დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ — დოქტ. ოთარ ჩახუნაშვილმა და GIZ-ის მიერ იმპლემენტირებული “PAR” პროექტის (“Re-Engineering of Public Services in the Eastern Partnership”) რეგიონულმა მენეჯერმა — დოქტ. ჰრაჩიკ იარმალოიანმა. გახსნით სიტყვაში ოთარ ჩახუნაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კოლეგა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და მონაწილეებს სამსახურის იმ მიღწევის შესახებ აცნობა, რაც გულისხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღებასა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას.
ღონისძიების პირველ დღეს დაესწრნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი — ნიკოლოზ პოპიაშვილი; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი — დავით ყარაშვილი. რეგიონულ შეხვედრებს ასევე ესწრებიან საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი — ანა თოხაძე; სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი — ალექსანდრე მირიანაშვილი და სამსახურის შიდა აუდიტი — მიხეილ ყაზიშვილი. 

რეგიონული შეხვედრის პირველი დღის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა — დავით ყარაშვილმა მონაწილეებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ინსტიტუტები და რეგულაციები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში დელეგაცია ასევე ესტუმრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სადაც მათ საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა — ანა თოხაძემ სამსახურის მანდატის, საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 2022 წლის ივნისიდან, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტროს (BMZ) ინიცირებით ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში (EaP) — აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად მონაწილეობს და უკვე გაიმართა ორი შეხვედრა. პირველი - 2023 წლის 6-10 თებერვალს, თემაზე: მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი და სერვისის მიწოდება, ხოლო მეორე - 22-26 მაისს მოლდოვაში, ქ. კიშინოვში, თემაზე: ციფრული ტრანსფორმაცია. მასში მონაწილეობას იღებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი ნიკოლოზ პოპიაშვილი, საქართველოს სხვა საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად.
ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა ხარისხის მენეჯმენტის სისტემებსა და მონაცემთა დამუშავების, ასევე უკუკავშირის შესახებ, სადაც სამსახური შესაბამის უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს.