პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2023-07-03 12:33:40
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში („Digital Transformation Georgia’s Role in Global Industry 4.0 DIGITAL TRUST for Open Digital Ecosystem“) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით გაიმართა.
ნიკოლოზ პოპიაშვილის მოხსენება მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მონაცემთა დაცვის ძირითადი ასპექტები, საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ახალი კანონი, ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლი უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებაში.  

განხილულ თემებს შორის იყო მონაცემთა უსაფრთხოება, ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას. მონაცემების დაცვის სამართლებრივი კონტროლის გაძლიერებაზე მსჯელობისას, ნიკოლოზ პოპიაშვილმა ხაზი გაუსვა სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მნიშვნელობას.
შეჯამების სახით აღინიშნა, რომ სამსახური აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო კამპანიების წარმართვას, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებაში მონაცემთა დაცვის კულტურის განვითარებას და ახდენს პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების პრევენციას.