პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
2023-06-29 12:24:46
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
,,გასულ წელს, როდესაც საზოგადოებას გავაცანი ჩემი სამოქმედო გეგმა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატმა, აღვნიშნე, რომ ჩემი მთავარი მიზანი იქნებოდა სამსახურის ევროპული კურსის გაძლიერება და მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. დღეს ამავე ტრიბუნიდან მინდა გაუწყოთ იმ უდიდესი წარმატების შესახებ, რომელიც ჩვენთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და რაც გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნული უაღრესად მნიშნელოვანი წარმატებაა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლისა და მისი საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სამსახურის მისიას, რაც გულისხმობს საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისოსამართლებრივ ინსტრუმენტებთან ჰარმონიზაციას და მონაცემთა დაცვის სფეროში მრავალი მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურმა არაერთი აქტივობა განახორციელა.
სამსახური განაგრძობს ინსტიტუციურ განვითარებას, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, რისი ნათელი მაგალითია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად აახლოვებს ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. ‘’- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დამსწრე აუდიტორიას 2022 წელს განხორციელებული პროექტები და სტატისტიკური მონაცემები დეტალურად გააცნო. ლელა ჯანაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მიიღო ჯამში 447 განცხადება/შეტყობინება. მიღებული განცხადებების/შეტყობინებების საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, სამსახურმა ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 149 შემოწმება (ინსპექტირება), რომელთაგან 101 შემოწმება იყო არაგეგმური, ხოლო 48 შემოწმება — გეგმური.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი დაადგინა. სამსახურმა გასცა ჯამში 222 დავალება და რეკომენდაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლისა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კი ჯამში 3292 კონსულტაცია გაიცა.
ამავე პერიოდში სამსახურმა განახორციელა სამართალდამცავი ორგანოების 11 გეგმური ინსპექტირება, რომელმაც მოიცვა თითქმის ყველა სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის ცალკეული სფერო. შემოწმდა არაერთი სენსიტიური თემა, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ მონაცემთა სუბიექტის შეტყობინების საკითხი, ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულებისა თუ არასრულწლოვანთა საქმეებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში პერსონალური მონაცემების წესების, პრინციპების, საფუძვლებისა და უსაფრთხოების დაცვის ზომების კანონით დადგენილი ნორმების დაცვის მდგომარეობა და სხვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 176 შემთხვევაში გამოიყენა.
,,ანგარიშში წარმოდგენილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. განვლილ პერიოდში სამსახურმა ჩაატარა მრავალი შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო პირებთან.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მოქმედ არაერთ საერთაშორისო ფორუმში. სამსახური გახდა საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო გლობალური ფორუმის, კონფერენციის დამკვირვებელი. ასევე, სამსახური გაწევრიანდა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა კომიტეტში და მონაწილეობს კომიტეტის პლენარულ სხდომებზე.
სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან.
საერთაშორისო თანამშრომლობის და სამეცნიერო სადისკუსიო პლატფორმის ხელშეწყობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმასპინძლა 2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის განვითარების მიზნით, დაფუძნდა სრული ღია წვდომის, ორენოვანი, სამეცნიერო, პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“.
ამასთან მინდა გაუწყოთ, რომ ქ. ბათუმში დაფუძნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისი, როგორც რეგიონული წარმომადგენლობა, რაც მნიშნელოვანი სიახლე გახლავთ საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში.
და ბოლოს, მინდა დავუბრუნდე ისევ იმ უმნიშვნელოვანეს სიახლეს, რაც გულისხმობს სამსახურის მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს დამკვირვებლის სტატუსი მინიჭებას, და მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა აღნიშნული პასუხისმგებლობა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამსახური საქმიანობას აგრძელებს ევროპული ღირებულებისა და ფასეულობების დასაცავად.‘’ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.