პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადენლებთან შეხვედრა გამართა

2023-06-26 11:13:59
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეეხო. ასევე, განხილულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო აქტი და მასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება მონაცემების კანონის მოთხოვნათა დაცვით დამუშავების უზრუნველსაყოფად. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას მიკროსაფინანსო სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძოს სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - არჩილ ჯაველიძე და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი - ნინო ქათამაძე უძღვებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.