პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა „ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2023-06-07 14:28:08
„ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ ("International Working Group on Data Protection in Technology"), ე. წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მორიგი, 71-ე შეხვედრა იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“Garante Per La Protezione Dei Dati Personali”) მასპინძლობით ქ. რომში, 6-7 ივნისს გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინა და შეხვედრის მონაწილე მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების, საკანონმდებლო ცვლილებების, საერთაშორისო დონეზე განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მომდევნო წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების“ (“Central and Eastern European Data Protection Authority” (CEEDPA)) რიგით 22-ე კონფერენციას უმასპინძლებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ანა თოხაძემ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს გააცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით, ორენოვანი, სამეცნიერო პერიოდული პუბლიკაციის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ პირველი ნომერი.
„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ 71-ე შეხვედრა გახსნა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა - პროფ. დოქტ. პასკუალე სტანციონემ და გერმანიის პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალურმა კომისარმა - პროფ. დოქტ. ულრიხ კელბერმა მიმართეს. გამართული შეხვედრის ფარგლებში წევრებმა იმსჯელეს შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე, რომლებიც შეეხება ტელემეტრიასა და დიაგნოსტიკურ მონაცემებს, მონაცემთა გაზიარებას, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას. ასევე, ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის სამომავლო ხედვებსა და მომდევნო შეხვედრების ფარგლებში განსახილველ საკითხებზე.