პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი სამსახურს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 31-ე საგაზაფხულო კონფერენციაზე წარადგენს

2023-05-10 17:03:06
9-12 მაისს, ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 31-ე საგაზაფხულო კონფერენციას უნგრეთის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ეროვნული საზედამხედველო ორგანო (“Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság” (NAIH)) მასპინძლობს. ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც კონფერენციის აკრედიტებულ წევრს, წარადგენს სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი, ასევე, უფროსის პირველი მოადგილე - ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე. მიმდინარე წლის კონფერენცია შედგება დახურული და ღია სესიებისგან, რომლის თემატური პანელები განიხილავს საკითხებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა დაცვის, კონკურენციის სამართლისა და მონაცემთა დაცვის, ევროპული ეკონომიკური ზონის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის აღსრულების საკითხებზე თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის, მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ინსტიტუტის შესახებ.
აღსანიშნავია, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი მოდერაციას გაუწევს ღონისძიების ერთ-ერთ პანელს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) პრაქტიკას შეეხება. პანელის ფარგლებში მოხსენებას წარადგენენ: მარკო ბოშნიაკი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი და მოსამართლე; პროფ. დოქტ. ჰილკე ჰიმანსი - ბელგიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დირექტორთა საბჭოს წევრი და სამართალწარმოების პალატის თავმჯდომარე, საერთაშორისო მიგრაციის, დევნილთა და სისხლის სამართლის ექსპერტთა კომიტეტის (Meijers Committee) წევრი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პროფესორი; დოქტ. გერგელი ბარაბასი - უნგრეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს იურიდიული მრჩეველი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადმინისტრაციული სამართლის ყოფილი მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი.
 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შეირჩა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების სამუშაო ჯგუფის (“Steering Group”) ახალი შემადგენლობა, რომელიც კონფერენციის რეგლამენტის შესაბამისად, შედგება ოთხი ჩვეულებრივი წევრისა და კონფერენციის მიმდინარე, მომდევნო და 2025 წლების მასპინძელი საზედამხედველო ორგანოების, ასევე, მიმდინარე წლის „ევროპის საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრის“ (ECHW) მასპინძელი უწყების წარმომადგენლებისაგან. კონფერენციის რეგლამენტის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის ჩვეულებრივ წევრთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოსა და კვიპროსის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად. ამასთანავე, ახლად დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის წევრთა კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჯგუფის კოორდინატორის როლს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლამდე სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გაერთიანებული სამეფოს საზედამხედველო ორგანო (ICO) უწევდა. ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ანა თოხაძემ წარადგინა და ჯგუფის სამომავლო აქტივობებზე იმსჯელა.