პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება
2023-02-15 18:08:56
2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40¹³ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროების კანონიერების შემოწმება, რომელთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მოქმედებები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.