28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ამ დღის აღსანიშნავად სამსახურმა სხვადასხვა აქტივოებების პრეზენტაცია გამართა
2023-01-28 20:51:50
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჟურნალის პირველი ნომერი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ეს სამსახურის პირველი ორენოვანი, საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემაა. რედკოლეგია საქართველოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებითა და მეცნიერებით არის დაკომპლექტებული.


ამავე ღონისძიებაზე სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აუდიტორიას კიდევ ერთი სიახლე გააცნო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული კლინიკა ფუძნდება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაიარონ იურიდიული პრაქტიკა აღნიშნულ უწყებაში.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ, პროფესორმა პაატა ტურავამ და სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ.

აღნიშნულ ღონისძიებას 50 -მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, საჯარო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.