,,პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ სამყაროში’’- ამ სახელწოდებით კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჩაატარა

2022-12-24 12:07:23
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ციფრულ სამყაროში მონაცემთა დაცვის შესახებ კონფერენცია გაიმართა.
პირველი სესია მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში მონაცემთა ციფრული დამუშავების შესაძლებლობებზე და იმ რისკებზე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თავს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა.  

პირველი სესიის ფარგლებში მოხსენებები მოწვეულ აუდიტორიას შტაინბაის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გია ხუბუამ, ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსის პროფესორმა და ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა - შტეფან ბრაიდენბახმა (ონლაინ ფორმატში), ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ წარუდგინეს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ტექნოლოგიური განვითარებასა და მის სამართლებრივ საკითხებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ჭრილში.
მეორე სესიის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებს სამართლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოხსენებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, KnowledgeTools International GmbH-ს სამართლის ინჟინერმა ლადო სირდაძემ მიმართა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინაშე არსებული ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევები, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და სამართლებრივი შეფასება სამსახურის თანამშრომლებმა: იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ყარაშვილმა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტმა რატი ფუტკარაძემ წარადგინეს.
მესამე სესია შეჯამებასა და დისკუსიას დაეთმო.
კონფერენციას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის მოსამართლეები, საჯარო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები.