პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა „საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ (“International Conference of Information Commissioners”) დამკვირვებლის სტატუსი
2022-12-21 12:41:32დამკვირვებლის სტატუსის მქონე უწყება უფლებამოსილია აქტიურად მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, დაესწროს კონფერენციის ღია და დახურულ სესიებს, ასევე, მონაწილეობა მიიღოს მისი ეგიდით ჩატარებულ კვლევებსა და შეხვედრებში.
დამკვირვებლის სტატუსის მაძიებელი უწყების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, კონფერენციის აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სტატუსის მინიჭების თაობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულების, მონაცემთა დაცვის სფეროში მისი ხედვისა და მისიის, საერთაშორისო აქტივობების შეფასების საფუძველზე, წარმატებით დასრულდა სამსახურისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების პროცესი.
„საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენცია“ არის გლობალური ფორუმი, რომელიც კონფერენციის წევრის სტატუსით აერთიანებს საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებებს, ხოლო სფეროთი დაინტერესებულ, მომიჯნავე უწყებებს ანიჭებს კონფერენციის დამკვირვებლის სტატუსს. ფორუმის მიზანია ინდივიდთა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვის, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
„საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენცია“ პირველად 2003 წელს ქ. ბერლინში შედგა და მას შემდგომ, ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან: აშშ-ის მთავრობის საინფორმაციო სამსახურის ოფისი; ალბანეთის ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის კომისარი; ბერმუდის ინფორმაციის კომისრის აპარატი; კენიის ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომისია, ომბუდსმენის აპარატი; სამხრეთ აფრიკის ინფორმაციის მარეგულირებელი; ჩილეს გამჭვირვალობის საბჭო და ასევე, ფილიპინების ინფორმაციის თავისუფლების, საინფორმაციო სააგენტოს პროგრამის მართვის ოფისი, რომელიც „საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ 2023 წლის მასპინძელი უწყებაა. კონფერენციის სამდივნოსა და აღმასრულებელ საბჭოს თავმჯდომარეობას უწევს მექსიკის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო ─ მექსიკის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ინსტიტუტი.
ევროპის მასშტაბით „საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ წევრის სტატუსი აქვს 25-მდე ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის არიან: ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ირლანდიის, კატალონიის, შვეიცარიის, ხორვატიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები.