პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

2022-11-15 11:16:55
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე გლობალური გამოწვევების წინაშე. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის ერთობლივი ცენტრის - სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივით შედგა.
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ლელა ჯანაშვილმა ღია ლექციაზე ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სტუდენტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება - პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. ეს პროცესი საფრთხეებსაც შეიცავს, ამიტომ, ყველა მოქალაქემ კარგად უნდა იცოდეს, ვინ და რა მიზნით მოითხოვს და როგორ ამუშავებს ამ მონაცემებს.
ლელა ჯანაშვილმა სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, განმარტა, რომ სწორედ ეს უწყება ახორციელებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობას და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს. ისაუბრა სამსახურის მანდატზე, საქმიანობაზე, ფუნქციებსა და სამართლებრივ მოწყობაზე. სტუდენტებთან საუბრისას განიხილა რამდენიმე საინტერესო ქეისიც.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.