ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თურქეთში, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა
2022-10-31 16:56:48
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა“ 1979 წლიდან წარმოადგენს გლობალურ ფორუმს, რომელიც მონაცემთა დაცვის 130-ზე მეტ ორგანოს აერთიანებს. ასამბლეა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავს მიზნად.


წელს კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ქ. სტამბულში, ჰალიჩის კონგრესის ცენტრში ჩატარდა. მისი ძირითადი თემა იყო: „ბალანსის საკითხი: კონფიდენციალურობა სწრაფი ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში“, რომლის ფარგლებში აღინიშნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას შორის ბალანსის მიღწევის საჭიროება. მიმდინარე წლის კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, უწყების ხელმძღვანელთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემაც წარადგინა.
კონფერენცია შედგებოდა ღია და დახურული სესიებისგან. ღია სესიის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მოცულობითი მონაცემების დამუშავების საკითხი, ბლოკჩეინი, მეტავერსია, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა, ხოლო დახურული სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა გაწევრიანებაზე მსურველი ახალი ქვეყნების აკრედიტაციას და ასამბლეის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების ანგარიშების წარდგენას, ასამბლეის მმართველობით პოლიტიკასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების განხილვას და რეზოლუციების მიღებას. დახურული სხდომის ფორმატში ასამბლეის წევრებს წარედგინათ „რეზოლუცია დაფინანსებული სამდივნოს ჩამოსაყალიბებლად დასახული გეგმისა და ვადების შესწორების შესახებ“, რომელიც შემუშავდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მექსიკის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების თანაავტორობითა და ბერმუდის, მაროკოს, ფილიპინების, კორეის რესპუბლიკისა და ურუგვაის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით. რეზოლუცია მოამზადა ასამბლეის სამდივნოს შესარჩევმა კომისიამ, რომელის წევრიც მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც არის.
