პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე პროექტის “Regional Projects on Re-engineering of Public Services and E-governance and Digitalisation in the EaP” ფარგლებში გამართულ პირველ რეგიონალურ შეხვედრას დაესწრნენ

2022-10-26 18:21:29
მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში გაიმართა პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა პროექტის: “Regional Projects on Re-engineering of Public Services and E-governance and Digitalisation in the EaP” ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდა 30-ზე მეტი მონაწილე აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ბენეფიციარი უწყებებიდან.
შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინეს სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ. ღონისძიების მონაწილეებმა საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში განიხილეს საჯარო მმართველობის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები, ასევე ელექტრონული მმართველობისა და საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ, სამსახურის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები წარადგინა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა.  

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის დირექტორი - კრისტინ ჰენშელი, მოლდოვის ელექტრონული მმართველობის სააგენტოს დირექტორი - ოლგა ტუმურუჩი და მოლდოვის საჯარო სააგენტოს დირექტორი - მირჩეა ესანუ მიესალმნენ რეგიონული ქსელების შექმნის ინიციატივას სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების და ელექტრონული მმართველობისა და დიგიტალიზაციის სფეროში.
სამუშაო შეხვედრა განხორციელდა მოლდოვის ელექტრონული მმართველობის სააგენტოს ეგიდით და მოლდოვის საჯარო სერვისების სააგენტოს და მოლდოვაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობის თანაორგანიზებით.
შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის პროექტის „საჯარო სერვისების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ბენეფიციარი მონაწილე. პროექტი მოიაზრებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
• პოლიტიკისა და სტრატეგიულ კონსულტაციებს;
• ორგანიზაციულ საკონსულტაციო მომსახურებას;
• საექსპერტო დახმარებას ადმინისტრაციული პროცესების დახვეწის კუთხით;
• პროცესებზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირების შემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერებას;
• ქსელისა და დიალოგის პლატფორმების შექმნას;
• უწყვეტი სწავლისა და ცვლილებების ხელშეწყობას სტეიკჰოლდერების ურთიერთობის გზით.
90-იანი წლებიდან, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიურად უჭერს მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობისა და დემოკრატიის სფეროების განვითარებას. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში ადმინისტრაციული რეფორმების მხარდასაჭერად GIZ აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდი პროექტებს 2016 წლიდან ახორციელებს.