საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ მონაცემთა დაცვისა და გენდერულად მგრძნობიარე საკითხების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სტატია GPA-ის საინფორმაციო ბიულეტინში გამოქვეყნდა

2022-10-11 15:15:32
საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ მონაცემთა დაცვისა და გენდერულად მგრძნობიარე საკითხების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის, სტატია GPA-ის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა) საინფორმაციო ბიულეტინში გამოქვეყნდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისგან დამოუკიდებელი გახდა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისას, გენდერულ ასპექტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა და პოლიტიკის დოკუმენტები გენდერული თანასწორობის სხვადასხვა მექანიზმს ითვალისწინებს, გენდერულად მგრძნობიარე მონაცემების დამუშავება კვლავ აქტუალური საკითხია. საქართველოს კანონმდებლობა სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებად მიიჩნევს და იგი სპეციალური მარეგულირებელი რეჟიმით წესრიგდება. ციფრულ ეპოქაში მონაცემთა დამუშავება ზრდის შესაბამისი მონაცემთა ბაზების უკანონო დამუშავების, უკანონო მეთვალყურეობისა და სხვა დარღვევების რისკებს. შესაბამისად, გენდერთან დაკავშირებული მონაცემები არსებითად სენსიტიურია და მისი დამუშავება განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მოხდეს.
გენდერულად სენსიტიური საკითხებისადმი სამსახურის თანასწორობაზე ორიენტირებული მიდგომა დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებების (ინსპექტირება) მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, „ქალები“ წარმოადგენენ ერთ-ერთ მიზნობრივ ჯგუფს და მათი მონაცემების დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად არის განსაზღვრული.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა“ (GPA) წამყვანი საერთაშორისო ფორუმია პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში. იგი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედ 130-ზე მეტ წევრ საზედამხედველო ორგანოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ასამბლეის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის “Data Protection Metrics Working Group” თანათავმჯდომარის სტატუსი მოპოვა ახალი ზელანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ერთად. ასევე, სამსახური მექსიკისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად ასამბლეის სამდივნოს შესარჩევი კომისიის წევრი გახდა.
სტატია იხილეთ სრულად >>> https://globalprivacyassembly.org/wp-content/uploads/2022/09/Newsletter-GPA_29-sep-final.pdf