პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2022-10-10 15:40:50
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა იტალიაში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ლელა ჯანაშვილმა საელჩოს წარმომადგენლებს სამსახურის მანდატის ფარგლები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები და სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში სამსახურის უფროსი შეეხო პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების პრინციპებსა და ფარგლებს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში - კონსტანტინე სურგულაძემ კი პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების მიზნით საელჩოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და გამოთქვა მზადყოფნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს კონსული იტალიაში - ნატალია კორძაია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე და საელჩოს თანამშრომლები.