პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
2022-10-10 10:34:53
მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზებას, ექსპერტების გაცვლას.


ღონისძიებაზე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო პლატფორმებსა და ქსელებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობაზე და აღნიშნა ამ მიმართულებით საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობისთვის. იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ ისაუბრა მემორანდუმის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში - კონსტანტინე სურგულაძე, კონსული - ნატალია კორძაია და 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე - ალესანდრა პიერუჩი.
