პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა
2022-08-01 18:03:11დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას, რომლის ერთ-ერთ პუნქტში, ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოყოფილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.
ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეგიონული დაფარვის გაფართოების საკითხი.
,,მნიშვნელოვანი გამოწვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინაშე გახლავთ ახალი კანონის მიღება. ფუნქციურ გაძლიერებაში ჩვენ მოვიაზრებთ რეგიონალურ დაფარვას, რეგიონალური ოფისების შექმნა, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და სიახლე, რომელიც პირველად მოხდება ქართულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუტის ფარგლებში“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
მიმდინარე კვირაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს როგორც ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა წარადგინა ხედვა და წინადადებები სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთან სამსახურის გაძლიერებისა და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.