პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყეს
2022-07-21 15:11:36
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყეს. პირველი შეხვედრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა.
ლელა ჯანაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მას სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები და გამოწვევები გააცნო.
შეხვედრას, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ.
ამასთან, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. სამსახურის უფროსი, პირველი მოადგილე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სხვა თანამშრომლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებს, ადგილობრივი თვითმმართველობების და უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხვა თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც ლელა ჯანაშვილმა ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, მისი, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - სოფიო შამუგიამ კი მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემაჯამებელ ნაწილში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ არაერთ პრაქტიკულ საკითხზე და სამსახურთან თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.
აჭარაში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა პროკურატურაში გაიმართა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - ია ყიფიანი აჭარის პროკურორს - ზაზა მეტონიძეს და პროკურატურის სხვა თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სექტემბრიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აჭარის პროკურატურის თანამშრომლებისთვის, ტრენინგებს გამართავს.