საქართველოს დელეგაციამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა

2022-07-07 11:26:56
საქართველოს დელეგაციამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა.
ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდეგ - 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.  

შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ წარადგინეს. ოთარ ჩახუნაშვილმა კომიტეტის წევრების კითხვას უპასუხა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატზე ისაუბრა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაეროს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში დანერგილი მექანიზმები. განხილვის შემდეგ საქართველოს დელეგაციას წერილობით მიეწოდება კომიტეტის რეკომენდაციები, რომლის შესრულების ანგარიშიც 2024 წელს გაიგზავნება.