პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ,,ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გამართა
2022-06-22 17:03:00
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ,,ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა.
პრეზენტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს არ ითვალისწინებს, ამიტომ ბავშვის მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება, რაც აღნიშნულ გზამკვლევში დეტალურადაა განხილული.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემ, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა ხარშილაძემ. თავად გზამკვლების პრეზენტაცია კი დოკუმენტის ავტორებმა გვანცა გაბაიძებ და ნინო ცაგარეიშვილმა ჩაატარეს. მათი თქმით, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ ცნებასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე, მონაცემთა დამუშავების პრინციპებზე, საფუძვლებსა და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებზე.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ბავშვები ინტერნეტს სულ უფრო აქტიურად იყენებენ , რაც სარგებელთან ერთად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს წარმოშობს.
სწორედ ამ და სხვა ტიპის რისკების გათვალისწინებით, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა საზედამხედველო უწყებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე უწყებამ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი შეიმუშავა.
დოკუმენტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ- https://personaldata.ge/.../%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A4...