სამეცნიერო ნაშრომთა მიღება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ № 1 გამოცემისთვის

2022-05-30 13:23:06
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აფუძნებს სამეცნიერო გამოცემას - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ და პირველი გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს.

ჟურნალის დაარსება, „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) მიღების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება, რომელიც 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ რეგულაცია განსაზღვრავს ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე, ასევე, ევროკავშირში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელთა მიმართ მონაცემთა დაცვის შესასრულებლად სავალდებულო წესებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი ჩამოყალიბდება როგორც ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომლის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება, აგრეთვე, აქტუალურ საკითხთა ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება. აღნიშნული ჟურნალის გამოცემა, ხელს შეუწყობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპეიზაციის პროცესის ხელშეწყობას და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარებას აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

ჟურნალი მოიცავს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციას, მათ შორის: სამეცნიერო სტატიას, აკადემიურ მიმოხილვას (რეცენზია), სამართლის პრაქტიკის ანალიზს, უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომის თარგმანს.

ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, თითოეული გამოცემა გააერთიანებს ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. აღნიშნული ჟურნალი გამოიცემა მატერიალური და ელექტრონული ფორმით.

მიღებული ნაშრომებიდან, ჟურნალში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი რედაქტორი პუბლიკაციის სარედაქციო კოლეგიასთან წარდგენის გზით.

სარედაქციო კოლეგია წარმოადგენს ჟურნალის კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, ჟურნალის დარგობრივ სფეროში სამართლის პრაქტიკის კვალიფიციური წარმომადგენლების მიერ. კოლეგიას ხელმძღვანელობს მთავარი რედაქტორი.

ნებისმიერი სარედაქციო გადაწყვეტილება, მათ შორის, გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის განხილვისა და მისი პუბლიკაციის თაობაზე გადაწყვეტილება, მიიღება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, აგრეთვე ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური და ეთიკის სტანდარტების შესაბამისად და რეცენზენტთა ორმხრივად ფარული შეფასების გათვალისწინებით.

გამოქვეყნებაზე თანხმობა გულისხმობს წარდგენილი ნაშრომის უცვლელად ან რეცენზენტებისა და რედაქტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, ავტორის მიერ ნაშრომის მცირედი შინაარსობრივი ცვლილება-დამატებით ნაშრომის პუბლიკაციას. ამავდროულად, ნაშრომი არ უნდა იყოს სხვა წყაროში სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი.

ჟურნალის თითოეული ნომერი გამოქვეყნდება საჯაროდ, მასში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდება უსასყიდლოდ.

 

დეტალური ინფორმაცია და აკადემიური მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომთა მიღების თაობაზე

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ ორენოვანი, სამეცნიერო პერიოდული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი № 1 გამოცემისთვის იწარმოებს 30 მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

სამეცნიერო ნაშრომთა გამოქვეყნების უფლებით სარგებლობენ:

• საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები;
• ჟურნალის დარგობრივი სფეროს პრაქტიკოსი იურისტები;
• ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მოწვეული ავტორები.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო სტატია შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ერთი პირის ავტორობით, ისე რამდენიმე პირის თანაავტორობით. ავტორებმა სამეცნიერო ნაშრომი გამოსაქვეყნებლად უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით, ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (journal@pdps.ge) შემდეგი დოკუმენტაციის დართვით:

• შევსებული განცხადება ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე (დანართი № 1);
• სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოიცავს ანოტაციასა და საკვანძო სიტყვებს (ჯამში არაუმეტეს 250 სიტყვა), ნაშრომის სრული ტექსტი (არაუმეტეს 20 გვერდისა), ბიბლიოგრაფია;
• დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე ავტორების შემთხვევაში ― სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ნაშრომის საკვლევი თემატიკის სფეროს წარმომადგენელი სამართლის სპეციალისტის დადებითი რეცენზია.

გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული აკადემიური კეთილსინდისიერების, ასევე, ჟურნალის აკადემიური ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის სახელმძღვანელო სტანდარტის დაცვით (დანართი № 2). ნაშრომის მომზადების ეტაპზე მიზანშეწონილია შესაბამისი უცხოენოვანი წყაროების გამოყენება.

გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის შინაარსი უნდა მიესადაგებოდეს ჟურნალის მიზანს და სარედაქციო პოლიტიკას. ამავდროულად, ავტორს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო ნაშრომის შინაარსი და კვლევის თემატიკა. ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ტექსტს, სიძულვილის ენას, არაეთიკურ შეფასებებსა და შეურაცხმყოფელ/დამაკნინებელ მოსაზრებებს, პიროვნულ კრიტიკას. შინაარსი უნდა იქნეს გადმოცემული მესამე პირთა პერსონალური მონაცემის პატივისცემითა და დაცვით. სამეცნიერო ნაშრომის ქართული ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Sylfaen_12 ფონ¬ტით, უცხო¬¬ენოვანი ტექსტი ― Times New Roman_12 ფონ¬¬ტით, სქოლიო ― ამავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შო¬რის დაშორება ― ერთი ინტერვალი.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომთა ორმხრივად ფარული შეფასების მიზნით, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკისა და ეთიკის სტანდარტის დაცვით, შეირჩევიან რეცენზენტები. სამეცნიერო სტატიათა რეცენზია ორმხრივად ფარულია, შესაბამისად, ავტორის ვინაობა უცნობია ნაშრომის რეცენზენტისთვის და პირიქით ― რეცენზენტის ვინაობა უცნობია ავტორისთვის. სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი განისაზღვრება მისი დარგობრივი კომპეტენციისა და სპეციალობის, გამოცდილებით მიხედვით. რეცენზენტი ნაშრომს აფასებს სარედაქციო კოლეგიისა და მთავარი რედაქტორის მიერ წინასწარ დადგენილი კომპონენტების მიხედვით და იღებს ერთ-ერთ რეკომენდაციას შემდეგი ოთხიდან: ა) გამოქვეყნებაზე თანხმობა; ბ) გამოქვეყნებაზე თანხმობა მცირედი შინაარსობრივი თუ ტექნიკური ცვლილებით; გ) მომდევნო ნომერში გამოსაქვეყნებლად განხილვა არსებითი შინაარსობრივი თუ ტექნიკური ცვლილების შეტანის შემთხვევაში; დ) უარი გამოქვეყნებაზე.

სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რეცენზენტთა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ეგზავნება შესაბამისი დასკვნა.