პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებით წარსდგა

2022-05-20 12:25:02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებით წარსდგა. მოხსენება საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო რეგულირებასა და მისი აღსრულების მექანიზმებს, კანონპროექტს, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს შეეხო.
 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრიორიტეტია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჰარმონიზაცია საუკეთესო პრაქტიკასთან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან. სამსახური მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთოებების გაძლიერებას, ასევე, საერთაშორიო სამუშაო ჯგუფებსა და კომიტეტებში აქტიურ მონაწილეობას.“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა. 

მოხსენებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა იმსჯელა კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობაზე. ლელა ჯანაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს აცნობა, რომ 2022 წლის ევროპული საქმის განხილვის სამუშაო შეხვედრის (European Case Handling Workshop) მასპინძელი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურია და კოლეგა საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები მოიწვია.
პანელური სესიის დისკუსიის სეგმენტში მომხსენებლებმა იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების, ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარების, ტრანსასაზღვრო შემთხვევების განხილვისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მათ შორის, დადებითად აღინიშნა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციის მრავალფეროვნება.
ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენცია, ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა. ღონისძიებას 40 ქვეყნის 115 წარმომადგენელი ესწრებოდა.