პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და ხორვატის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022-05-19 10:28:56

ხორვატიაში, ქ. დუბროვნიკში საქართველოს პერსონალურ მონაცენთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა და ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზდრავკო ვუკიჩმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ერთობლივ გამართვას, მათ შორის, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერა ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსთან სიმბოლურია, რადგან სწორედ ხორვატია არის ბოლო ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსი. მისივე თქმით, ხორვატიის საზედამხედველო ორგანოს გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ზდრავკო ვუკიჩმა კი თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობასა და საქართველოსთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხორვატიაში SPRING CONFERENCE -ზე დასწრების მიზნით, ვიზიტით იმყოფება. საზედამხედველო ორგანოთა კონფერენციაზე ლელა ჯანაშვილი მოხსენებით წარსდგება. კონფერენციასა და მის სამუშაო ჯგუფში ასევე მონაწილეობას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ანა თოხაძე.