საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ლექციების სერიას აგრძელებს

2022-05-06 11:22:47
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ლექციების სერიას აგრძელებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან თამარ ზარანდიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო - საჯარო ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.   

2022 წლის 5 მაისს გამართული საინფორმაციო ლექცია შეეხებოდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატსა და კანონმდებლობით მინიჭებულ იმ ბერკეტებს, რომელთა გამოყენებითაც სამსახური კონტროლს ახორციელებს, როგორც ფარულ, ასევე, სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე.
საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონი ჩონიაძემ ჩაატარა.
ლექციის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. ასევე, განხილული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სპეციფიკა და პირობები.
ლექციას 50-მდე ადამიანი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო - საჯარო ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად ჩაატარებენ.